თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი: ინდოევროპული წინარე სამშობლოს საიდუმლო
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/17/454-463საკვანძო სიტყვები:
ისტორიულ-შედარებითი მეთოდი, პროტო-ინდოევროპული, თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი, გლოტალური თეორიაანოტაცია
ინდოევროპული წინარე სამშობლოს საიდუმლო – ამ სათაურით 1981 წელს ჟურნალში Наука в СССР (N2, გვ. 80-92) დაიბეჭდა სვეტლანა ორლოვას ინტერვიუ თ. გამყრელიძესა და ვ. ივანოვთან, მათი ცნობილი მონოგრაფიის ინდოევროპული ენა და პროტო-ინდოევროპელები (Гамкрелидзе Т.В., Иванов В.В., Индоевропейский язык и индоевропейцы. Реконструкция историко-типологического анализа праязыка и пракультуры, ТГУ, т. 1-2, Тбилиси 1984) გამოქვეყნებამდე სამი წლით ადრე. ამ ნაშრომისთვის ავტორებს მიენიჭათ ლენინური პრემია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუს გამოსვლიდან ზუსტად 43 წელია გასული, აქ გამოთქმულ მოსაზრებებს ყავლი არ გასვლიათ და, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მათი გაცოცხლება. თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი ინტერვიუში დეტალურად ჰყვებიან წინარე ენის რეკონსტრუქციის ისტორიულ-შედარებით მეთოდზე, პასუხობენ კითხვებზე: რა არის წინარე სამშობლო? ვინ მეტყველებდნენ ამ ენებზე? როდის? რის შესახებ საუბრობს ხალხი? რა აისახება მათ ენაში? რას ქმნიან, რითი ვაჭრობენ, რაზე ფიქრობენ? როგორია მათი წეს-ჩვეულებები, მითები და სხვ. ავტორები ხსნიან პროტო-ინდოევროპული ენის აღდგენილი სიტყვებიდან და ტექსტებიდან შედგენილი თემატური ლექსიკონის სტრუქტურას, რომელიც მოიცავს ცნებების სამ მთავარ ჯგუფს: საცხოვრებელი გარემო, მატერიალური და სულიერი კულტურა, სოციალური ორგანიზაცია. ლექსიკონში წარმოდგენილი ყოველი ცნება არ არის შეზღუდული მხოლოდ ლინგვისტური მონაცემებით, დაწვრილებით არის კომენტირებული სხვა მეცნიერებების მონაცემთა გათვალისწინებით: პალეობოტანიკის, პალეოზოოლოგიის, ისტორიის, მითოლოგიის, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის და სხვ. ასევე, ინდოევროპელი ტომების მიგრაციის გზები და მიზეზები, თუ რატომ მოხდა, რომ მთებიდან დაშვებული ინდოევროპელები არ რჩებოდნენ ძირში და მიდიოდნენ უფრო შორს და შორს თავიანთი წინაპრების სამშობლოდან.