ირაკლი II-ისა და რუსების გალაშქრება ჭარ-ბელაქანზე და მუღანლოს ბრძოლა 1784 წლის ოქტომბერში (წინასწარი სამხედრო-ისტორიული ანალიზი)
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/15/264-313საკვანძო სიტყვები:
სამხედრო ისტორია, ქართულ-რუსული სამხედრო თანამშრომლობა, ირაკლი II, ლეკები, ლეკიანობა, ქართლ-კახეთის სამეფო, მუღანლო, ჭარ-ბელაქანიანოტაცია
1783-1787 წლების ქართულ-რუსულმა სამხედრო თანამშრომლობამ არსებითად შეცვალა ამ პერიოდის კავკასიის ისტორია. ქართლ-კახეთის სამეფოში რეგულარული რუსული ჯარის ორი ბატალიონის შემოყვანამ გაზარდა ირაკლი II-ის როგორც თავდაცვითი, ასევე თავდასხმითი პოტენციალი, მაგრამ მკვეთრად დაძაბა მისი ურთიერთობა მუსლიმ როგორც ქვეშევრდომებთან, ასევე მეზობლებთან.
წინამდებარე ნაშრომის მიზანია ამ პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფრონტაციის - 1784 წლის ოქტომბერში ჭარ-ბელაქანზე ქართველთა და რუსთა გალაშქრებისა და მუღანლოს ბრძოლის - სამხედრო ანალიზია. კრიტიკულად განხილული გვაქვს ხელმისაწვდომი პირველწყაროები და ისტორიოგრაფია. შევისწავლეთ ისტორიული გეოგრაფია და ბრძოლის ველის ლანდშაფტი. დადგინდა მოწინააღმდეგეთა ძალები, გეგმები და დანაკარგები; კამპანიის მსვლელობა და ბრძოლის მიმდინარეობა; მხარეთა დანაკარგები და ბრძოლის საზოგადო გამოსავალი.
მივედით იმ დასკვნამდე, რომ მიუხედავად მოკავშირეთა აშკარა უპირატესობისა, ლეკებზე გამარჯვება არ ყოფილა არც ადვილი და არც ცალსახა. ბრძოლის გამოსავალი მოკავშირეებმა გაალამაზეს და გააზვიადეს; სინამდვილეში, მას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა, ბრძოლამ კარგად აჩვენა - ახალი გამოწვევების გათვალისწინებით - ქართლ-კახეთის სამეფოს სამხედრო პოტენციალის შეუსაბამობა (მიუხედავად რუსთა ორი ბატალიონის თანდართვისა). ამაშია ამ კამპანიის სამხედრო-ისტორიული ანალიზის ისტორიოგრაფიული ღირებულება.