პერსონალისტური მმართველობის სისტემა, ერდოღანიზმი
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/17/317-333საკვანძო სიტყვები:
თურქეთი, ერდოღანიზმი, სამართლიანობა და განვითარება, პერსონალისტური რეჟიმი, ავტორიტარიზმიანოტაცია
ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა (AKP) და ერდოღანის მოსვლის შემდეგ თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 2000-იანი წლების პირველი ათწლეულის განმავლობაში ლიბერალურმა რეფორმებმა, ეკონომიკურმა ზრდამ და გონივრულმა საგარეო პოლიტიკამ თურქეთს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ავტორიტარულ სახელმწიფოდ იდენტიფიცირებამდე, თურქეთი ძირითადად ლიბერალური ეკონომიკისა და თანამედროვე ღირებულებების მქონე მუსლიმურ ქვეყნად ითვლებოდა, სადაც ისლამური კულტურა და ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები ერთსა და იმავე საზღვრებში თანაარსებობდა. თუმცა, 2010-იან წლებში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა ერდოღანის პოლიტიკური კურსი, ასევე დასავლეთის მიდგომა თურქეთის მიმართ. მისი რიტორიკა სულ უფრო და უფრო პოლარიზებული და ავტორიტარული ხდებოდა. ერდოღანი პირველი პრეზიდენტია, რომელიც სახალხო კენჭისყრით აირჩიეს, რაც მას საზოგადოების თვალში ფართო პოლიტიკურ ძალაუფლებას ანიჭებს. ამავდროულად, სამართლიანობისა და განვითარების პარტია ერდოღანზე უკიდურესად ორიენტირებულ პარტიად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ არცერთი უნივერსალური თეორია ზუსტად არ განსაზღვრავს თურქეთის ამჟამინდელი რეჟიმის ყველა პრინციპს. ამჟამინდელი რეჟიმი კულტზე ორიენტირებული რეჟიმია, სადაც ერდოღანი „თურქეთის ახალი მამაა“. ილმაზი და ბაშიროვი ამ ახალ რეჟიმს ერდოღანიზმს უწოდებენ. მას ოთხი ძირითადი განზომილება აქვს: ელექტორალური ავტორიტარიზმი, როგორც საარჩევნო სისტემა, ნეოპატრიმონიალიზმი, როგორც ეკონომიკური სისტემა, პოპულიზმი, როგორც პოლიტიკური სტრატეგია და ისლამიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია. არჩევნები მხოლოდ ინსტრუმენტია მთავრობის ქმედებებისა და გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციისთვის, ბიუროკრატიული თანამდებობები გამოიყენება სიმდიდრისა და ძალაუფლების დასაგროვებლად, ერდოღანი ეროვნული ნების ხმად იქცა, ხოლო ისლამი თურქი ერის განმსაზღვრელი ძირითადი ელემენტია.