ნაპოლეონისადმი მიძღვნილი „სპარსული ყასიდის“ ავტორობის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/14/35-48საკვანძო სიტყვები:
სპარსული ყასიდა, ნაპოლეონი, ფათჰ-ალი შაჰი, საფრანგეთ-ირანის დიპლომატიური ურთიერთობები, სპარსული ოდა, ჟოზეფ რუსოანოტაცია
წინამდებარე სტატიაში შევეხებით პარიზის ენებისა და ცივილიზაციის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სპარსული ხელნაწერების კატალოგში (Ms. pers. 136, N 44) დაცული ხელმოუწერელი და დაუთარიღებელი ხელნაწერის, „სპარსული ყასიდა 19 ბეითი ნაპოლეონის სადიდებლად“ (Qasida persan 19 bayts à la gloire de Napoléon), ავტორობის საკითხს. სათაურის მიხედვით ყასიდა ნაპოლეონის ხოტბას გულისხმობს, მაგრამ ცხრამეტივე ბეითიდან ნათლად ჩანს, რომ ის თანაბრად ეხება როგორც ნაპოლეონს, ისე ირანის შაჰს – ფათჰ-ალის. Qasida persan სპარსული პოეზიისათვის დამახასიათებელი მაღალფარდოვანი ენითაა დაწერილი, სავსეა მეტაფორებით და ხაზს უსვამს მისი ავტორის მიერ სპარსული ლიტერატურის კარგ ცოდნას.
ის ფაქტი, რომ ყასიდაში მონარქთაგან ჯერ ნაპოლეონია დასახელებული და შემდეგ ფათჰ-ალი შაჰი, გვაფიქრებინებს, რომ მისი ავტორი ფრანგია. ვის შეეძლო დაეწერა ეს ყასიდა? ამ საკითხის გასარკვევად შევეხებით XIX საუკუნის დასაწყისის საფრანგეთ-ირანის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია სათაურით „სპარსეთის თანამედროვე მდგომარეობა“ (Tableau général de la Perse moderne), რომელშიც შეტანილია „სპარსული ოდის თარგმანი მისი უდიდებულესობა ნაპოლეონ I-ის ფრანგების იმპერატორის იტალიის მეფის პატივსაცემად“ (Traduction de l’Ode Persane en l’honneur de S. M. Napoléon Ier Empereur des français et Roi d’Italie). ეს ხელნაწერი დათარიღებულის 1807 წლით და მას ხელს აწერს XVIII დასაწყისში ირანში დაფუძნებული რუსოთა ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელი, ფრანგი დიპლომატი და აღმოსავლეთმცოდნე, აღმოსავლეთში აღზრდილი ჟოზეფ რუსო. რომელმაც შესანიშნავად იცოდა სპარსული, თურქული, არაბული ენები და რომელიც აღმოსავლური ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე იყო. „სპარსული ყასიდა 19 ბეითი ნაპოლეონის პატივსაცემად“ შინაარსის მიხედვით ვვარაუდობთ, რომ ის ნაპოლეონის ტახტზე ასვლამდეა დაწერილი. ნაპოლეონს უამრავი ლექსი თუ ოდა მიძღვნეს, მაგრამ „სპარსული ყასიდა“ და „სპარსული ოდა“ ამ თემაზე დაწერილი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებებია.