იაპონიის შემადგენლობაში ოკინავას დაბრუნების საკითხი
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/17/96-117საკვანძო სიტყვები:
აშშ-იაპონიის ურთიერთობები, ოკინავას დაბრუნებაანოტაცია
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ამერიკელმა სამხედროებმა იაპონიის კუთვნილი, ოკინავას პრეფექტურა დაიკავეს და საკუთარ ადმინისტრირებას დაუქვემდებარეს, ხოლო 1951 წლის „სან-ფრანცისკოს სამშვიდობო შეთანხმებით“, საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს. შეთანხმების მიხედვით, იაპონიამ აშშ-ს ოფიციალურად, დროებით დაუთმო ოკინავას პრეფექტურის მართვა, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზები განთავსდა.
ოკინავას პრეფექტურის იაპონიის შემადგენლობაში დაბრუნება იაპონიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად იქცა. თავის მხრივ, ოკინავაზე არსებულ სამხედრო ბაზებს აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა, ამიტომ ოკინავას იაპონიისთვის დაბრუნება მარტივად მოსაგვარებელი არ იყო, თუმცა მსოფლიოში მომხდარმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა, ასევე იაპონიაში არსებულმა განწყობებმა, გავლენა მოახდინა პროცესის დაჩქარებაზე და ვაშინგტონი იძულებული გახდა, ოკინავას საკითხთან დაკავშირებით ტოკიოსთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმებოდა.
1969 წლის მიწურულს აშშ-სა და იაპონიას მოხდა შეთანხმება, რომლის შედეგად ოკინავას პრეფექტურის დაბრუნების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. 1971 წლის 17 ივნისს „იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმება რიუკიუს კუნძულებისა და დაიტოს კუნძულების შესახებ“ ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმება ძალაში შევიდა 1972 წლის 15 მაისს და ოკინავას პრეფექტურა 27 წლიანი განშორების შემდეგ იაპონიის შემადგენლობაში დაბრუნდა. სანაცვლოდ, აშშ-მ კვლავ შეინარჩუნა, როგორც ოკინავას პრეფექტურაში, ასევე მთლიანად იაპონიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების უფლება.