მეფე ბორის გოდუნოვის ინიციატივით სეფიანთა სახელმწიფოში მივლინებული პირველი ელჩობის ისტორია

ავტორები

  • კახაბერ დემეტრაშვილი გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/17/52-62

საკვანძო სიტყვები:

სეფიანთა ირანი, მოსკოვის სახელმწიფო, ოსმალეთის იმპერია, ჟიროვოი-ზასეკინი, ზასეცკი, ფერ ყული ბეგი, მეფე ბორის გოდუნოვი, შაჰი აბას I

ანოტაცია

 

წინამდებარე ნაშრომის ძირითადი მიზანია, XVII საუკუნის დასაწყისში მოსკოვის სახელმწიფოს მხრიდან სეფიანთა ირანში მოწყობილი ელჩობის წინა პლანზე წარმოჩენა. ამ ორი სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობის განსამტკიცებლად ფრიად მნიშვნელოვანი იყო ელჩობა, რომლის ისტორია სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებულადაა მოცემული. ეს ელჩობა იყო მოსკოვის სახელმწიფოს ახალი მეფის, ბორის გოდუნოვის (1598-1605), ინიციატივით ირანის შაჰთან გაგზავნილი პირველი ელჩობა, რომელიც მოეწყო 1600-1603 წლებში.

1578 წელს დაწყებული ოსმალეთ-ირანის ომი 1590 წლის სტამბოლის ზავით დასრულდა. ამ ზავმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც მოსკოვის სახელმწიფოში, ისე - დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამის გამო, დროებით შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვის სახელმწიფოსა და სეფიანთა ირანს შორის.

XVI საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვის სახელმწიფოში კვლავ დაისვა სეფიანთა ირანთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნის საკითხი. ამიტომაც, მოსკოვის სახელმწიფომ კვლავ განაახლა ირანთან შეწყვეტილი ურთიერთობა და შეეცადა სეფიანთა სახელმწიფოსთან შეეკრა სამხედრო კავშირი საერთო მტრის - ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.

1600 წელს, მეფე ბორის გოდუნოვის ინიციატივით, ირანის შაჰთან გაიგზავნა ელჩობა ალექსანდრე თევდორეს ძე ჟიროვოი-ზასეკინისა და თემირ ვასილის ძე ზასეცკის მეთაურობით. ამ ელჩობის ძირითადი მიზანი იყო ირანთან მოსკოვს გაეფორმებინა ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობდა ფართო თანამშრომლობას ყველა სფეროში, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც. ეს პოლიტიკური კავშირი კი მიმართული იყო, ძირითადად, ოსმალეთის წინააღმდეგ, რომელიც ავსტრიასთან დაზავებას ცდილობდა და შემდეგ მთელ თავის ძალებს ირანის წინააღმდეგ მიმართავდა.

ა. თ. ჟიროვოი-ზასეკინისა და თ. ვ. ზასეცკის ელჩობის ისტორიასთან დაკავშირებით, სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. ერთი ვერსიით, ამ ელჩობამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან, გაურკვეველი მიზეზების გამო, ის ასტრახანიდან უკან, მოსკოვში, დააბრუნეს. სხვა ვერსიით, ამ ელჩობამ ირანში ჩააღწია და მოლაპარაკებები გამართა ირანის შაჰთან.

სხვადასხვა ისტორიკოსთა მონაცემების შეჯერების შემდეგ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ალექსანდრე ჟიროვოი-ზასეკინისა და თემირ ზასეცკის ელჩობამ მოახერხა ირანში ჩასვლა და მოლაპარაკებები გამართა ირანის შაჰთან. ვფიქრობთ, რუსთა ამ ელჩობის გამოძახილი უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ შაჰ აბასმა მაშინვე მოსკოვში გააგზავნა თავისი ელჩობა, ამით ის აუწყებდა მეფე ბორის გოდუნოვს, რომ ირანის მხარე იწყებდა ომს ოსმალეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ლაჩინ ბეგის ელჩობა (1602-1604), ჟიროვოი-ზასეკინის ელჩობასთან ერთად, 1602 წლის შემოდგომაზე გაემგზავრა ირანიდან მოსკოვის სახელმწიფოში, 1603 წლის 28 აგვისტოს ჩავიდა მოსკოვში და სექტემბრის პირველ რიცხვებში წარუდგა მეფე ბორის გოდუნოვს აუდიენციაზე.

ავტორის ბიოგრაფია

  • კახაბერ დემეტრაშვილი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ნუმიზმატიკა

როგორ უნდა ციტირება

მეფე ბორის გოდუნოვის ინიციატივით სეფიანთა სახელმწიფოში მივლინებული პირველი ელჩობის ისტორია . (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 52-62. https://doi.org/10.32859/neg/17/52-62

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1-10 — 88

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.