რუხი არეალის სტრატეგია, როგორც რევიზიონისტული ძალების წარმატების თეორია: რუსეთისა და ირანის შემთხვევები
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/15/438-446საკვანძო სიტყვები:
რუხი არეალის კონფლიქტი, ჰიბრიდული ომი, წარმატების თეორიაანოტაცია
სტატიაში განხილულია რუსეთისა და ირანის სტრატეგიული მიდგომები წარმატების თეორიის ფარგლებში, რომლიც ამ რევიზიონისტ აქტორებს ასიმეტრიული უპირატესობების შექმნით მათზე ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების შესაძლებლობას აძლევს. სახელდობრ, თუ რა როლს თამაშობს ჰიბრიდული ომისა და რუხი არეალის სტრატეგიები ირანისა და რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთისა და ირანის მიდგომებს შორის არსებული განსხვავებებისა თუ მსგავსებების განხილვას და ასევე მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გავლენას სტრატეგიის ფორმირების პროცესზე.
რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ გააჩინა კითხვები ჰიბრიდული ომის ცნების აქტუალობის შესახებ. უკრაინის ფრონტზე განცდილი მოულოდნელი სამხედრო მარცხისა და მიმდინარე კონფლიქტის მაღალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური საფასურის გამო, რუსეთის სტრატეგიულ გათვლებში ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენების მნიშვნელობა არა თუ შემცირდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზრდება. სავარაუდოდ ამ კონფლიქტს ისეთივე გავლენა ექნება, როგორც ირან-ერაყის (1980-88 წწ.) ომს ჰქონდა თეირანის სტრატეგიული კულტურის ფორმირებაზე, რომელიც ირანის რუხი არეალის სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბებაში აისახა.
რუსეთისა და ირანის სტრატეგიული მიდგომების შედარებისას მკაფიოდ გამიჯნულია ჰიბრიდულ ომსა და რუხი არეალის კონფლიქტებს შორის არსებული განსხვავებები. სახელდობრ, ჰიბრიდული ომი განმარტებულია, როგორც კონვენციური და არა-კონვენციური ინსტრუმენტების სინქრონული გამოყენება მოწინააღმდეგის სისუსტეების ექსპლუატაციის მიზნით. რუხი არეალის ცნება კი ითვალისწინებს ღია, სამხედრო კონფლიქტის ზღვარს მიღმა მოქმედებას, რაც აგრესიის ინიციატორ აქტორს ბუნდოვანების შექმნისა და შესაძლო უარყოფის საშუალებას აძლევს. აღინიშნულია, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რუხ არეალში მოქმედებას ითვალისწინებს, თუმცა კონვენციური სამხედრო ინსტრუმენტების გამოყენებას არ გამორიცხავს. ამ თვალსაზრისით რუსეთის ქმედებები ჰიბრიდული ომის ფარგლებში ექცევა, ხოლო ირანის სტრატეგიული მიდგომა კი რუხი არეალის ფარგლებში მოქმედებას ითვალისწინებს.
რუსეთისა და ირანის სტრატეგიული მიდგომების წარმატების თეორიის ფარგლებში გაანალიზება იმ დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ ჰიბრიდული ომისა თუ რუხი არეალის ცნებები აქტუალობას მომავალშიც შეინარჩუნებს შემდეგი ფაქტორების გამო: პირველი - რუსეთის კონვენციური სამხედრო ძალების უკრაინაში განცდილი მარცხი ასიმეტრიული ოპერაციების უპირატესობას კიდევ უფრო გამოკვეთს და მეორე - გლობალურ აქტორთა შორის გამწვავებული სტრატეგიული დაპირისპირების ეპოქაში რევიზიონისტ აქტორთა მიერ კონვენციური სამხედრო ინსტრუმენტების გამოყენება მაღალი რისკის შემცველი იქნება, რაც ბუნებრივად მათ რუხ არეალში მოქმედებას წაახალისებს.