თინათინი „ვეფხისტყაოსანში“

ავტორები

  • გურამ ჩიქოვანი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/17/24-33

საკვანძო სიტყვები:

ვეფხისტყაოსანი, თინათინი, ეტიმოლოგია, ვარდი, სპარსულ-არაბული წარმომავლობა

ანოტაცია

სტატიაში თინათინის ეტიმოლოგია დაკავშირებულია აღმოსავლეთში გავრცელებულ ქალის საკუთარ სახელთან (tina//tinah). იგი სპარსული წარმომავლობისაა და მისი მნიშვნელობაა „ვარდი“. ეს საკუთარი სახელი ისლამურ აღმოსავლეთში მრავლობითის ფორმითაც გვხვდება (tin-āt). -āt, არაბულში მდედრობითი სქესის სახელთა მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელი სუფიქსია. ქართულ თინათინში (tinatin < tīn-āt-īn) ბოლოკიდური -in უნდა იყოს არაბული სწორი მრავლობითის სუფიქსი -īn. ორმაგი მრავლობითი „თინათინ“-ში მნიშვნელობის ინტენსივს გამოხატავს. ორმაგი მრავლობითის ფორმები ხშირად ფიქსირდება არაბულ დიალექტებში. მათ შორის ცენტრალურაზიურ არაბულში: faras-īn-āt - „ცხენები“, naḥn-āt - „ჩვენ“.

მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ცენტრალური აზიის არაბულენოვან ყიშლაღებში ჩემი ჩანაწერებიდან:

- zikl-ōn-āt muy-ōt-um-āt ufraġ-at.

„მათ წყალი (წყლები) გაუთავდათ.“

ამ წინადადებაში პირველი სიტყვა (zikl-ōn-āt) ორმაგ მრავლობითშია, ხოლო მეორე სიტყვაში, საერთოდ, სამმაგი მრავლობითია (muy-ōt-um-āt).

- zēn yōm kệyin išūf-ūn-āt.

„კარგად ცხოვრობდნენ.“

აქ ზმნის მრავლობითის ფორმას დაერთვის სახელის მრავლობითობის მაწარმოებელი āt სუფიქსი (išūf-ūn-āt). აღსანიშნავია, რომ არაბულში ამ საკუთარი სახელის ორივე ფორმა (tīna//tīnāt), ანუ მხოლობითიც და მრავლობითიც, იხმარება პარალელურად და ორივე დაფიქსირებულია არაბული საკუთარი სახელების ლექსიკონში.

სპარსული წარმომავლობის tīna (تينا) - „ვარდი“ ფიქსირდება ავესტაში, zend/pazend-ის ლიტერატურაში. სპარსული tīna (تينا) დაფიქსირებულია საკუთარი სახელების ელექტრონულ ლექსიკონში, როგორც ქალის საკუთარი სახელი, მნიშვნელობით „ვარდი“.

კლასიკური სპარსულის „გულ“ („ვარდი“ - گل), გვიანდელ საშუალო სპარსულში წარმოდგენილია gwl-ს სახით. ეს gwl თავის მხრივ, სათავეს უნდა იღებდეს ძველი სპარსულის აღდგენილი ფორმიდან *vṛda (ვრდა). პროტო ირანულშიც საწყის ფორმად ამ სიტყვისა, *vṛda ივარაუდება. სხვა მოსაზრებით gl (gil) საშუალო სპარსულის tīna-დან შეიძლება მომდინარეობდეს.

აღნიშნულ ვერსიებს საფუძვლად უდევს ჳ (v)-სა და გ-ს (g) მონაცვლეობა, რომელიც დასაშვებია ფონეტიკურად. gul-ის vard-იდან წარმომავლობა აღნიშნული აქვს აკად. გიორგი წერეთელს ნაშრომში „საქართველოს ირანულ სახელწოდებათა ისტორიისათვის“. აღნიშნულ სტატიაში მეცნიერი „გურჯის“ ეტიმოლოგიას აკავშირებს სპარსულ varčān-თან, სადაც აშკარაა, რომ v > g: vrčan > gurčān > gurğān > gurğ.

ივერიისა და გურგანის აღსანიშნად ერთი და იგივე ფორმის არსებობა მიუთითებს საერთო ტოტემურ სახელზე. „გულ“-თან (گل) დაკავშირებითაც მონაცვლეობა v ~ g სავსებით ბუნებრივად იკვეთება. ავტორიტეტულ სპარსულ ლექსიკონში (Borhane 1342 ჰ.: 547) tīna (تينا) განმარტებულია, როგორც „ვარდი“ (گل), რაც ადასტურებს „თინა“-სთან დაკავშირებით, ჩემ მიერ წარმოდგენილი ეტიმოლოგიური კვლევის მართებულობას. 

ამგვარად შეიძლება დავასკვნათ, რომ „თინათინის“ ეტიმოლოგია არაბულ-სპარსული tīn-āt-īn-იდან იღებს სათავეს, სადაც tīn/tīnā სპარსული წარმომავლობის „ვარდია“ (gul - گل), ხოლო āt და īn არაბული, მრავლობითის მაწარმოებელი ორი სუფიქსი ინტენსივის გამოხატვის ფუნქციით. წინამდებარე სტატიაში ამ საკუთარი სახელის წარმომავლობა ახლებურად არის გააზრებული. იგი წარმოადგენს საქართველოში ფართოდ გავრცელებული ქალის საკუთარი სახელის ეტიმოლოგიის სპარსულ-არაბულ ვერსიას, რაც კულტურათა დიალოგის გამომხატველია. 

ავტორის ბიოგრაფია

  • გურამ ჩიქოვანი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

    თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის დირექტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

14.11.2025

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება

როგორ უნდა ციტირება

თინათინი „ვეფხისტყაოსანში“. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 17, 24-33. https://doi.org/10.32859/neg/17/24-33

მსგავსი სტატიები

1-10 — 18

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.