პროფესორი მიხეილ ჩხაიძე - 120

Authors

  • Nikoloz Nakhutsrishvili Ilia State Univerity, G. Tsereteli Institute of Oriental Studies Author

DOI:

https://doi.org/10.32859/m1ne7z47

Abstract

2025 წლის 15 აპრილს სრულდება 120 წელი გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, ფინურ-უგორული ენების აღიარებული სპეციალისტის, საქართველოში მანქანური თარგმანის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ მიხეილ პავლეს ძე ჩხაიძის დაბადებიდან.

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა აღსავსე იყო მრავალფეროვანი მოვლენებითა და ისტორიებით, რაც მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს:

მამათელი ღარიბი გლეხის ოჯახში გატარებული ბავშვობა, ლანჩხუთის ათწლედი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა (1924-1926 წწ.), აკადემიკოს ნიკო მარის ინიციატივით სწავლის გაგრძელება ლენინგრადის უნივერსიტეტში (1926-1930 წწ.), იქვე ასპირანტურის გავლა და დახელოვნება ზოგადი ენათმეცნიერების, ფინურ-უგორული ენებისა და რუსისტიკის განხრით (1930-1933 წწ.), საკანდიდატო დისერტაციის დაცვა (1936 წ.), მუშაობა საკავშირო აკადემიის ნ.მარის სახელობის ენისა და აზროვნების ინსტიტუტში (1934-1941 წწ.),  ლენინგრადის უნივერსიტეტის ლექტორობა (1931-1941 წწ.), სამამულო ომში მოხალისედ წასვლა ლენინგრადის ფრონტზე (1941-1942 წწ.), ტყვედ ჩავარდნა და გერმანული საკონცენტრაციო ბანაკი (1942-1944 წწ.), ტყვეობიდან გაქცევა და პატრიზანობა საფრანგეთის ტერიტორიაზე (1944-1945 წწ.),  თარჯიმნად მუშაობა ქ. ტულუზაში დისლოცირებულ პირველ საბჭოთა პარტიზანულ პოლკში (1945 წ.), დაბრუნება საბჭოთა კავშირში, დაპატიმრება ტყვეობაში ყოფნის ბრალდებით და 10-წლიანი პატიმრობის მისჯა (1945-1954 წწ.), განთავისუფლება პატიმრობიდან და სრული რეაბილიტაცია (1954-1955 წწ.), თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგეობა (1954-1960 წწ.), პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელება  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრაზე (1960-1961 წწ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  აკად. ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი ცენტრის უფროსი მეცნიერმუშაკი (1961-1978 წწ.), სადოქტორო დისერტაციის დაცვა მოსკოვში (1966 წ.), აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების მკვლევარი (1978 წლიდან გარდაცვალებამდე - 1988 წ.).

ამ სტრიქონების ავტორს პატივი ჰქონდა, 1982 წლიდან პროფ. მ. ჩხაიძისაგან ესწავლა ფინური ენა. ჩემთვის უაღრესად საინტერესო ეს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა გასცდა ფინური ენის სწავლებას. ბატონი მიხეილი მიყვებოდა აკად. ნ. მარის მოწაფეობის პერიოდზე, მისი ენობრივი მოძღვრების შესახებ, ენობრივი ურთიერთობების  აქტუალურ საკითხებზე და ა.შ. ჩემთვის ცხადი იყო, რომ ბატონი მიხეილის ცხოვრებისეული გზა და მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა იმსახურებდა გაცილებით მეტ ყურადღებასა და დაფასებას, ვიდრე იგი მოესწრო თავის სიცოცხლეში. მართალია, ქართულ პრესაში იბეჭდებოდა ცალკეული წერილები და გამოხმაურებები პროფ. მ. ჩხაიძის სამეცნიერო მიღწევების შესახებ, მაგრამ ისინი აკადემიური დონითა და რეზონანსით ვერ გაუტოლდებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბეჭდილ წერილებს ამ მრავალმხრივი მეცნიერის შესახებ. მაგალითად, მისი დაბადების 110 წლისთავს მიეძღვნა გ. ლავრენტიევის და ო. ა. სერგეევის  წერილები  პრესტიჟულ ჟურნალებში “Linguistica Uralica” და «Финно-угроведение». განსაკუთრებით აფასებენ პროფ. მ. ჩხაიძის ღვაწლს რუსეთის ფედერაციის მარეთის რესპუბლიკაში.

პროფ. მ. ჩხაიძის გარდაცვალების შემდეგ (1988 წ.) ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა და მოულოდნელმა ცვლილებებმა ღვაწლმოსილი მკვლევრის სამეცნიერო მემკვიდრეობის პოპულარიზაციის თემა ძალაუნებურად უკან გადასწია და მას მხოლოდ 2015 წლიდან დავუბრუნდი. მომეცა საშუალება, გავცნობოდი პროფ. მ. ჩხაიძის ერთადერთ ვაჟს, აწ გარდაცვლილ ბატონ ალბერტსა (1940-2018) და მის მშვენიერ ოჯახს. ბატონ ალბერტთან ერთად დავიწყეთ მუშაობა პროფ. მ. ჩხაიძის არქივზე, რომელშიც მრავლად იყო ფართო სამეცნიერო საზოგადოებისათვის უცნობი მასალები. არჩევანი შევაჩერეთ ბატონი მიხეილის გამოუქვეყნებელ ნაშრომზე «Яфетидология или учение о происхождении языка по Н. Я. Марру (глазами его ученика)», რომელშიც ავტორი მაქსიმალურად გასაგებად, შეიძლება ითქვას, თანამედროვე მკითხველისათვის მისაღები ენით, კომპაქტურად გადმოსცემდა აკად. ნ. მარის ენობრივი მოძღვრების ძირითად პრინციპებს. ამ შრომატევად სამუშაოში ჩაერთო ილიუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტიც. საქმე კარგად მიდიოდა წინ და გამოსაცემი ნაშრომითა და თანმხლები საარქივო მასალებით მივმართეთ ილიაუნის გამომცემლობას. ამ ტექნიკურ ეტაპზე მოგვისწრო კოვიდპანდემიამ, პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი, უკანასკნელ წლებში დაგროვილი სამეცნიერო პროექტების დასრულების აუცილებლობამ და ასევე სხვა გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა კვლავ შეგვაფერხეს.

დღეისათვის გადაწყვეტით გვეთქმის, რომ  პროფ. მ. ჩხაიძის ეს ნაშრომი და თანმხლები საარქივო მასალა დაიბეჭდება საიუბილეო 2025 წლის განმავლობაში, რითაც სამეცნიერო საზოგადოებას (არა მხოლოდ საქართველოში) კიდევ ერთხელ წარმოუდგება თვალწინ ამ დიდი ადამიანისა და მეცნიერის ღვაწლი.

ამჯერად გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალისთვის  დასაბეჭდად გამზადდა ბატონი მიხეილის ხელნაწერი სათაურით „ენათმეცნიერების რა დარგებში ვმუშაობდი“. მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორ ახასიათებს იგი საკუთარ სამეცნიერო საქმიანობას.

გასათვალისწინებელია, რომ ხელნაწერი არაა დათარიღებული, თუმცა ტექსტიდან ჩანს, რომ ის მოიცავს მეცნიერის მოღვაწეობის პერიოდს 1985 წლამდე.

მცირე კორექტურის გარდა, ტექსტი ფაქტიურად უცვლელადაა გადმოტანილი, მაგრამ საჭირო გახდა სქოლიოში გარკვეული შენიშვნებისა და შესწორებების დამატება, რადგანაც ზოგიერთ შემთხვევაში უკვე ღრმად მოხუცებული ავტორი უნებლიედ არასრულად ან შეცდომით უთითებს ამა თუ იმ ნაშრომის სათაურსა თუ გამოცემის წელს. ამ სქოლიოების დამატებით კი მკითხველს საშუალება მიეცემა, დაინტერესების შემთხვევაში თავად მოიძიოს პროფესორ მიხეილ ჩხაიძის მრავალფეროვანი სამეცნიერო მემკვიდრეობის ნიმუშები ბიბლიოთეკებში თუ ინტერნეტში.

 

Published

26.03.2025

How to Cite

პროფესორი მიხეილ ჩხაიძე - 120. (2025). The Near East and Georgia, 16, 341-350. https://doi.org/10.32859/m1ne7z47