რომელი ისტორიული მოვლენა დაედო საფუძვლად ზეპირგადმოცემას ქართველთა იერუსალიმში ლაშქრობის შესახებ?
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/16/136-148საკვანძო სიტყვები:
იერუსალიმი, ლაშქრობა, სულეიმან I, ფრანცისკანელები, ზეპირგადმოცემაანოტაცია
„ახალი ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ოსმალეთის სულთანმა წარმოუგზავნა კაცი მეფე გიორგის (1525-1527), იმერეთის მეფე ბაგრატს (1520-1574), კახეთის მეფე ლევანს (1510-1527) და აუწყა, რომ იერუსალიმის ქართული ეკლესია-მონასტრები უსჯულოებმა დაიპყრეს. მოუწოდა მათ, გაეძევებინათ მტერი, სანაცვლოდ კი სალოცავებს მათ გადასცემდა. ქართველმა მეფეებმა ილაშქრეს იერუსალიმზე, გაანთავისუფლეს წმინდა ადგილები. სულთანმა კი დანაპირები შეასრულა. ეს ცნობა სხვადასხვა ვარიაციებით შეავსეს ვახუშტი ბაგრატიონმა და ტიმოთე გაბაშვილმა.
ხსენებულმა ცნობამ აზრთა სხვადასხვაობა წარმოქმნა ჯერ კიდევ XIX საუკუნის მკვლევრებს შორის. ერთ ნაწილს (თ. ბაგრატიონს, თ. ჟორდანიას) მის სისწორეში ეჭვი არ ეპარებოდა. სხვანი კი (მ. ბროსე, ალ. ცაგარელი) ქართველთა მიერ იერუსალიმის იარაღით აღებას გამორიცხავდნენ. მსჯელობა ამ საკითხზე XX საუკუნეშიც გაგრძელდა. იერუსალიმში „ლაშქრობა“ ეჭვქვეშ დააყენეს ე. მეტრეველმა და ლ. მენაბდემ. მიუხედავად ამისა, მკვლევართა უმეტესობა (ე. მამისთვალიშვილი, რ. ფირცხალაიშვილი, ა. თვარაძე, ს. მასხარაშვილი, ც. ღვაბერიძე) მიიჩნევს, რომ იერუსალიმზე ქართველთა ლაშქრობა ნამდვილად მოხდა. ლაშქრობის დროდ კი ასახელებენ 1517 ან 1527 წელს. გ. ჯაფარიძემ მიმოიხილა ყველა თვალსაზრისი და დაასკვნა, რომ მსჯელობა ქართველთა ლაშქრობაზე პალესტინაში არარეალურია, ასეთი რამ არ მომხდარა.
კვლევის შედეგად გაირკვა: როდესაც სულთან სულეიმან I (1521-1566) ევროპაში ლაშქრობდა (1521-1532), მის მიერ 1523 წელს სიონიდან გამოძევებული ფრანცისკანელები უკან დასაბრუნებლად ან იერუსალიმში დასამკვიდრებლად იბრძოდნენ. ამიტომ 1527 წელს ქართველი მეფეები იერუსალიმში ჩავიდნენ, მაგრამ არა სალაშქროდ, არამედ ქართულ ეკლესია-მონასტრებზე უფლებების განსამტკიცებლად, რაც, ოსმალეთთან მტრული ურთიერთობის გამო, მოგვიანებით გადააზრებულ იქნა ლაშქრობად.