ზღვა, მდინარე და წყლის რესურსების მნიშვნელობა ლაზიკის ომში (541-562 წწ.) 254-260
DOI:
https://doi.org/10.32859/10.32859/neg/17/254-264საკვანძო სიტყვები:
ლაზიკა, ბიზანტია, სასანიანები, საქართველოანოტაცია
ლაზიკის ომი (541-562 წწ.) ბიზანტიის იმპერიასა და სასანურ ირანს შორის, ლაზიკის სამეფოს ტერიტორიაზე, გვიანანტიკურ სამხედრო საქმეში მდინარეების, ზღვის სანაპიროს კონტროლისა და სასმელი წყლის რესურსების განსაკუთრებული მნიშვნელობის კარგი მაგალითია. დასავლეთ საქართველოს მდინარეებით დაქსელილი ტერიტორია, უზრუნველყოფდა სასმელ წყალს აქ მოქმედი ჯარებისთვის, თანმხლები ცხენებისა და საქონლისთვის. ეს პრობლემა, ხანგრძლივი ალყების დროსაც კი არ იჩენდა თავს. ამავე დროს, მდინარეებისა და ზღვის სანაპიროს კონტროლი, განსაზღვრავდა მხარეთა სამხედრო სტრატეგიასაც. პროკოპი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი და სხვა თანადროული ავტორები, მიუთითებენ ფასისისა და მისი შესართავების სატრანსპორტო, ლოგისტიკური თვალსაზრისით გამოყენებაზე. ციხესიმაგრეები, ძირითადად, საკვანძო მდინარეთა ხეობებში შენდებოდა. ბიზანტიური და სასანური ჯარები მიმართავდნენ სხვადასხვა საშუალებას მდინარეების გადასაკვეთად თუ კონტროლისთვის, უღობავდნენ გზას მტრის ტრანსპორტს სპილოებისა და კავალერიის საშუალებითაც კი, აგებდნენ საპონტონე ხიდებს ან ხელოვნურად უცვლიდნენ მდინარის კალაპოტს სტრატეგიული მიზნებისთვის. შავი ზღვის სანაპირო ასევე მნიშვნელოვანი იყო. სასანიანებმა ომის პირველ ეტაპზე, წარუმატებლად სცადეს აქ ფლოტის აგება. ბიზანტიელებმა კი კონტროლი და საზღვაო კომუნიკაციების სრულად გამოყენების შესაძლებლობა პეტრას აღების შემდეგ დაიბრუნეს. ეს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებდა მათ, ვინაიდან, ზღვიდან, თავისუფლად შეეძლოთ ჯარისა და რესურსების გადასროლა ლაზიკაში, რისი შესაძლებლობაც, სასანიანებს არ გააჩნდათ. ეს ფაქტორი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი აღმოჩნდა ლაზიკაზე ბიზანტიური გავლენის შესანარჩუნებლად.
ლაზიკის ომი, წარმოდგენას გვაძლევს, როგორ ზეგავლენას ახდენს გეოგრაფიული ფაქტორი, გარემო პირობები, ამ შემთხვევაში, ზღვა, მდინარე და სასმელი წყლის რესურსები გვიანანტიკური კონფლიქტის მიმდინარეობაზე. სასმელი წყალი სასიცოცხლო იყო ჯარის, ცხენებისა და სასაპალნე საქონლისთვის; მდინარეები და ზღვის სანაპირო განსაზღვრავდა ციხესიმაგრეთა სტრატეგიულ მდებარეობას, ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, სისუსტესა და უპირატესობებს. ბიზანტიელთაგან შავი ზღვის კონტროლი, სამდინარო ქსელის ეფექტიანი გამოყენება, ლაზებთან კავშირთან ერთად, სასანიანებისთვის მარცხის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად იქცა.