ეთნიკური უმცირესობების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება (აგათია სქოლასტიკოსის ისტორიული თხზულების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/14/207-214საკვანძო სიტყვები:
აგათია სქოლასტიკოსი, „ისტორიანი“, იუსტინიანე I, ბიზანტია, ეთნიკური უმცირესობებიანოტაცია
V-VI სს. აღმოსავლეთ რომის იმპერია ეთნიკური თვალსაზრისით მრავალფეროვანი იყო. ეთნიკური უმცირესობების საკმაოდ გრძელი სია არსებობს, რომელთაც ზოგჯერ ვრცლად, ზოგჯერ კი მოკლედ ახასიათებს აგათია სქოლასტიკოსი. ეთნიკური უმცირესობების აღწერისას ის შემდეგ მახასიათებლებს გამოყოფს: 1. საერთო საცხოვრისი, სამშობლო ან მითი თავისი მამულის შესახებ; საკუთარ თავს მოიაზრებენ გარკვეულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე. ზოგჯერ ხაზგასმულია, რომ აქვთ მდიდარი ბუნებრივი გარემო და ნაყოფიერი მიწა-წყალი; საცხოვრისის აღწერისას ორიენტაციისათვის აღებულია ზღვა, მდინარე ან დიდ ქალაქთან მდებარეობა; 2. საერთო წარმომავლობა, ეთნოსს აქვს მეხსიერება, რწმენა საერთო ისტორიაზე; უმეტესად ინტუიციურად გაცნობიერებული აქვთ საერთო წარსულის ერთიანობა. ამის გამო აქვთ სიამაყე, ზოგჯერ ქედმაღლობაც და ღირსების გრძნობა; 3. საერთო რელიგია და კულტურა, ადათ-ჩვეულებები და ტრადიციები, რომელთაც უმეტესად კანონის ძალა აქვთ მიღებული; 4. ჰყავთ მეფე, თავისი ქვეყნის მმართველი, ავლენენ კოლექტიური სოლიდარობის გრძნობას; აღიარებენ და იცავენ სხვადასხვა სოციალურ ფენათა შორის წონასწორობას. თუმცა ეს წონასწორობა ზოგჯერ შეიძლება დაირღვეს კიდეც. 5. აქვთ საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული ენა.