თბილისის ჰ. 147 წ. შა‘ბანით (764 წ. 3-31 ოქტომბერი) დათარიღებული მონუმენტური ქუფური წარწერა და მისი ისტორიული მნიშვნელობა
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/14/371-389საკვანძო სიტყვები:
თბილისი, თბილისის საამირო, ქუფური ეპიგრაფიკა, ლაპიდარული წარწერები, ხაზართა და არაბთა ომებიანოტაცია
საქართველოსა და კავკასიაში არაბობის ისტორიის საკვლევად ეპოქის ეპიგრაფიკული მემკვიდრეობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირველწყაროდ წარმოგვიდგება. ნაშრომის მიზანი სწორედ თბილისში ახლად აღმოჩენილი არაბული წარწერის შესწავლაა.
წარწერა ნაპოვნია 2012 წ. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების პროცესში, ისტორიული დიღმის კარის შესასვლელთან. წარწერა (15.5 X 98.5 სმ) შესრულებულია ჰორიზონტალურად წაგრძელებულ ქვიშაქვაზე (34 X 107 სმ), რომელიც კუთხის (ქალაქის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლების შემაერთებელ) კოშკის კედელშია ჩასმული. წარწერა სავალალო მდგომარეობაშია ვანდალიზმისა და ქვის დაჩქარებული ეროზიის გამო; თუმცა, ღამის განათებაზე მუშაობის წყალობით, ავტორებმა შეძლეს ადეკვატური ფოტოსურათების გადაღება და ამ ქუფური წარწერის თითქმის მთლიანად გარჩევა; შემორჩენილი 3 სტრიქონის (თავდაპირველად, სულ 6 იყო?) ახლებური წაკითხვა (დაზუსტებული დათარიღების ჩათვლით): ... მისი [გარნიზონი ?] და მისი გამარჯვება და მისი დამცველი / და დაწერა სალამ ბ. ჰა¡¡ანმა/ჰაბბანმა/ჰაბბანმა / შა‘ბანსა წელსა ას ორმოცდა შვიდსა.
გასათვალისწინებელია, რომ წარწერიანი ქვიშაქვა მეორადი გამოყენებისაა (გარშემორტყმულია გვიან-ფეოდალური ეპოქის ქართული აგურით, ჯამლეთ ჯღამაიას კლასიფიკაციით; იმავე კოშკის მსგავსი სტრუქტურის სხვა ბლოკი გათლილია). უცნობია, არაბობის ხანის თბილისში ეს ქვა თავდაპირველად თუ სად მდებარეობდა. აქედან გამომდინარე, აღნიშვნა დიღმის კარის / თბილისის გალავნის წარწერა გარკვეულწილად პირობითია, და უფრო, უბრალოდ, პოვნის ადგილს ასახავს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ წარწერა (გამარჯვების მოხსენიებით) რომელიმე საფორტიფიკაციო ნაგეგობის შემადგენელ ქვაზედაც გაეკეთებინათ. გვიან-ფეოდალურ თუ ახალი დროის ეპოქაში დიღმის კართან პრესტიჟული, ქუფურით შესრულებული წარწერის სწორი ორიენტაციით მოთავსება, საფიქრებელია, შეგნებულად მოხდა (ოსმალებისა თუ ყიზილბაშების მიერ?), რაც ეპოქის კულტურული ცხოვრების ამსახველია.
წარწერა საინტერესოა პალეოგრაფიული კუთხითაც. აღსანიშნავია კურსივის ელემენტების არსებობა. გატარებულია შედარებითი ანალიზი ჰ. 176 წ. რელიეფურ წარწერასთან დარუბანდიდან და ჰ. 154 და 257 (და არა 159) წწ. ნაკაწრ წარწერებთან სომხეთიდან.
უცნობია წარწერაში მოხსენიებული პირის ვინაობა. ვინ იყო ეს VIII საუკუნის თბილისში მოღვაწე არაბი – წარწერის ამომჭრელი ხელოსანი თუ არაბი მოხელე / მხედართმთავარი?
წარწერა გვიჩვენებს, რომ არაბები აკონტროლებენ თბილისს 764 წლის ოქტომბერში. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, ვინაიდან სწორედ ჰ. 147 წ. (10/III/764-26/II/765) ხაზარები კვლავ შემოიჭრნენ სახალიფოს ჩრდილოეთში და, სხვა წარმატებებთან ერთად, დაიკავეს თბილისიც. ხალიფამ სცადა ჩრდილოეთი პროვინციების დაბრუნება, მაგრამ, ატ-ტაბარის მიხედვით – ჰ. 148 წ. (27/II/765-15/II/766), ანუ, საფიქრებელია, 765 წ., გამოგზავნილ ლაშქარს ხაზარები აღარ დახვდნენ. სამომავლო შემოსევებისგან სახალიფოს ტერიტორიის დაცვის მიზნით არაბებმა რეგიონში ფართომასშტაბიანი საფორტიფიკაციო სისტემის მოწყობა დაიწყეს. თბილისის ჰ. 147 წ. წარწერა მოწმობს, რომ არაბებმა თბილისი უკვე 764 წლის შემოდგომაზე დაიბრუნეს – ანუ, ხაზარებმა უკვე ამ დროისთვის დატოვეს რეგიონი? (შეიძლება შემთხვევითი არ იყოს წარწერაში გამარჯვების მოხსენიებაც)
წარწერა მნიშვნელოვანია საქართველოში უშუალო არაბული ადმინისტრაციის შემოღების დროის განსაზღვრისთვისაც. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ საქმიანობას თბილისში არაბები ახორციელებენ 770-იან წლებამდე (როდესაც ივარაუდებოდა თბილისის საამიროს წარმოქმნა).
თბილისის ჰ. 147 წ. შა‘ბანით დათარიღEებული ქუფური წარწერა საყურადღებო ისტორიული ძეგლია, რომლის მნიშვნელობაც დიდია როგორც, საზოგადოდ, არაბული ეპიგრაფიკული მემკვიდრეობის, ასევე, სახალიფოსა და საქართველოს ისტორიის საკვლევად.