ალექსანდრე გვახარიას წერილების „პერსონაჟთა“ გალერეიდან
DOI:
https://doi.org/10.32859/Abstract
ალექსანდრე გვახარიას ბიბლიოგრაფია 300-ზე მეტ ერთეულს აერთიანებს, თითქმის რვაასგვერდიანი მონოგრაფიით დაწყებული ათწინადადებიანი საგაზეთო რეპლიკით დამთავრებული. ამჯერად ჩვენი ყურადღება მეცნიერის პუბლიკაციების ერთი ნაწილისკენაა მიმართული, რომლებიც მის თანადროულ სამეცნიერო-პედაგოგიურ საზოგადოებას წარმოგვიდგენს: მის კოლეგებს, მასწავლებლებს, მეგობრებს, ზოგჯერ ისეთ პიროვნებებსაც, რომლებსაც ალექსანდრე გვახარია პირადად არ იცნობდა, მაგრამ სამეცნიერო კვლევა-ძიების გზაზე ისინი ახლო მეგობრებადაც კი იქცნენ მკვლევრისათვის.
აი, იმ მოღვაწეთა არასრული ჩამონათვალი, რომელთაც ალექსანდრე გვახარიას წერილები თუ მოგონებები ეძღვნება: ნიკო, იური და სოფიო მარები, ალექსანდრე ბარამიძე, კორნელი კეკელიძე, ივანე ლოლაშვილი, ვლადიმერ ფუთურიძე, გრიგოლ კიკნაძე, ფარნაოზ ერთელიშვილი, ლევან მენაბდე, კონსტანტინე წერეთელი, გიორგი წერეთელი, ვარლამ თოფურია, ალექსანდრე ციბულევსკი, ვალერიან და თამაზ გამყრელიძეები, დავით კობიძე, კონსტანტინე ფაღავა, რეზო ჭეიშვილი, ნოდარ დუმბაძე, აკაკი ბაქრაძე, ნისან ბაბალიკაშვილი, რეზო (ბუბა) ყარალაშვილი, ვახტანგ ბააკაშვილი, სარგის ცაიშვილი, შოთა ძიძიგური, ზურაბ კიკნაძე, ნოდარ კაკაბაძე, ნიკო ყიასაშვილი, ვასო აბაევი, ბაბო მჭედლიძე, ანა კალანდაძე...ასეთი პუბლიკაციების რიცხვი 70 ერთეულს აღწევს.
ალ. გვახარიას ეს წერილები მეოცე საუკუნის ჰუმანიტარული სფეროს მოღვაწეთა მრავალფეროვან გალერეას ქმნის. რასაკვირველია, უმეტესად, მათში დიდი სიბეჯითითა და სკრუპულოზობით აღნუსხული და შეფასებულია პიროვნების სამეცნიერო ნაღვაწი. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ავტორის მცდელობა, კოლეგათა პორტრეტების ხატვისას, უპირველესად, ადამიანი, პიროვნება ეძებოს და იპოვოს კიდეც.