ადონისი როგორც მოდერნისტი პოეტი
DOI:
https://doi.org/10.32859/neg/16/41-58საკვანძო სიტყვები:
არაბული მოდერნიზმი, ახალი არაბული ლექსიანოტაცია
ადონისმა (1930- ) ახალი არაბული ლექსის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მისი პოეზიის ფორმაც და შინაარსიც ნასაზრდოებია ეროვნული კულტურით. თუ დასავლელ მოდერნისტთა შორის არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მოდერნიზმს ტრადიციასთან – უნდა უარყოს თუ გამოიყენოს ის, ადონისისთვის ეს ცალსახაა – ახალი არაბული პოეზიის შესაქმნელად საჭიროა კლასიკური პოეზიის ცოდნა, რადგან ნამდვილად თანამედროვე ლექსი იმავდროულად კულტურის, ისტორიის ნაწილია და არა უბრალოდ ცალკეული შემოქმედის მიერ გადმოცემული აზრები და გრძნობები. პოეტი არაბულის სილამაზეს საკადრისად უნდა აფასებდეს, რადგან შეუძლებელია შექმნა რაიმე ახალი, ფასეული იმ ენით, რომლის მემკვიდრეობას და ხსოვნას კარგად არ იცნობ. ევროპული პოლიტიკურ-ეკონომიკური ექსპანსიის პირობებში ადონისისთვის მთავარი იდენტობის დაცვაა, ხოლო ტრადიციისა და ენის როგორც იდენტობის მნიშვნელოვანი მარკერების შენარჩუნება აუცილებელია არაბული კულტურის ინტერნაციონალიზაციისთვის.
თუ ევროპული მოდერნისტული ლიტერატურის პერსონაჟი სუბიექტურობის კრიზისს განიცდის, ადონისის ლირიკული გმირი გამოკვეთილი ინდივიდია თავისი ფასეულობებით. თუ დასავლელი მოდერნისტების ენა ირაციონალურია, ადონისის ენა ახალი იდენტობის შექმნას ემსახურება. თუ ევროპული მოდერნისტული მწერლობა რელიგიულ სიყალბეს უპირისპირდება, ადონისი ფიქრობს, რომ სახელმწიფო და რელიგია უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და ისლამმა მეტად უნდა დააფასოს ინდივიდუალიზმი.
დასავლეთში დამკვიდრებული არც თუ მართებული მოსაზრების თანახმად, მოდერნიზაციის პროცესი არაბულ კულტურაში უმთავრესად გაევროპულებასთან იყო დაკავშირებული. ამ შეხედულებას თავისი საფუძველი ჰქონდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაპოლეონის ექსპანსიის შემდეგ ბევრი სიახლე იქ მართლაც ევროპიდან შევიდა. თუმცა ადონისმა თავისი შემოქმედებით აჩვენა, რომ არაბული მოდერნიზმი საკუთარ ინტელექტუალურ და ფილოსოფიურ საფუძველზე დგას.