რომის უპირატესობის შესახებ პირველი ათასწლეულის აღმოსავლურ საქრისტიანოში

ავტორები

  • დავით თინიკაშვილი კავკასიის უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg/14/68-74

საკვანძო სიტყვები:

რომის კათოლიკობა, აღმოსავლური მართლმადიდებლობა, პაპის პრიმატი, პენტარქია, საეკლესიო იურისდიქცია.

ანოტაცია

ქრისტიანული სამყაროს პირველ ათასწლეულში რომის პაპის პირველობა იურისდიქციული თვალსაზრისით ყველას მიერ არ იყო აღიარებული. თუმცა რომის ეკლესიის პირველი იერარქი ქრისტიანულ სამყაროში მიიჩნეოდა როგორც primus inter pares (პირველი თანასწორთა შორის).

პაპი კლიმენტის ეპისტოლე კორინთოს ეკლესიისადმი მიჩნეულია პირველ წერილობით ძეგლად, რომელშიც სხვა ეკლესიებზე რომის საყდრის პასუხისმგებლობა ჩანს. ეპისტოლე მოუწოდებს კორინთის ეკლესიის წევრებს მშვიდობისა და წესრიგის დაცვისკენ.

ასევე არსებობს საპირისპირო მიმართულებით (აღმოსავლეთიდან რომში) გაგზავნილი წერილები. მაგალითად, ეგნატე ანტიოქელის წერილი რომაელებისადმი, მისი დანარჩენი წერილებისგან განსხვავებით, არ შეიცავს შეგონებას ან რეკომენდაციას რომის საყდრისთვის, რომ ამ უკანასკნელს თავი დაეცვა მწვალებლობისგან, არამედ წერილში მხოლოდ რომაული ეკლესიის ქება ისმის, რომელიც „სხვებს ასწავლის“.

ირინეოს ლიონელის სიტყვით, რომის ეკლესიის „უდიდესი ავტორიტეტის გამო არსებობს აუცილებლობა, რომ ყველა ეკლესია, ანუ ქრისტიანები ყველგან, ეთანხმებოდეს მას, რადგან აქ სამოციქულო ტრადიცია ყოველთვის ყველას მიერ იყო დაცული“.

ასევე ცნობილია, რომ პოლიკარპე სმირნელსა და პაპ ანიკეტეს შორის აღდგომის დღესასწაულის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. შეთანხმება არ მიღწეულა, მაგრამ ისინი შერიგდნენ, რადგან არ სურდათ ერთმანეთთან კამათი. ორივე მხარე მშვიდობიანად აგრძელებდა საკუთარი განსხვავებული ტრადიციების შენარჩუნებას.

მოგვიანებით რომთან კონფლიქტი წარმოიშვა ერეტიკოსთა ნათლობის საკითხთან დაკავშირებითაც. რომის ეკლესიაში ერეტიკოსები ხელახლა არ ინათლებოდნენ. მაგრამ ჩრდილოეთ აფრიკის ეკლესიაში, კვიპრიანე კართაგენელის დროს, აუცილებელი იყო ერეტიკოსების ხელახალი ნათლობა. დაპირისპირების დროს კვიპრიანე ამბობს, რომ არცერთ ეპისკოპოსს არ ჰქონდა სხვაზე მეტი ძალაუფლება.

თუმცა, კვიპრიანე აშკარად თავდაცვით მდგომარეობაშია რომთან დაპირისპირებისას. წმინდა მამა აღნიშნავდა, რომ არ აპირებდა საკუთარი აზრის სხვებისთვის თავს მოხვევას და არც პაპ სტეფანესთან კავშირის გაწყვეტა სურდა. მკვლევართა აზრით, ზოგადად, კვიპრიანე ღრმა პატივისცემით იყო გამსჭვალული რომის ეკლესიის მიმართ. კვიპრიანესთვის რომის კათედრა ეკლესიის ერთიანობის საფუძველი და გარანტი იყო. ამიტომაც, როცა საკუთარ ეკლესიაში დესტრუქციული ძალების წინაშე დგებოდა, ყოველთვის მზად იყო რომისთვის მიემართა, რომელსაც „საეპისკოპოსო ერთიანობის წყაროდ მიიჩნევდა“.

ამრიგად, ასეთი ისტორიული შემთხვევები გვეხმარება გავიგოთ, რომ ადრეულ საუკუნეებში რომის პაპს არ გააჩნდა საბოლოო და ყოვლისმომცველი ძალაუფლება (როგორც მონარქს) დანარჩენ ეკლესიებზე. თუმცა, უდაოა, რომ რომის საყდარს ჰქონდა განსაკუთრებული ავტორიტეტი, პრესტიჟი და გავლენა მთელ ქრისტიანულ სამყაროზე.

ავტორის ბიოგრაფია

  • დავით თინიკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტი

    კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.03.2025

გამოცემა

სექცია

რელიგიის კვლევები

როგორ უნდა ციტირება

რომის უპირატესობის შესახებ პირველი ათასწლეულის აღმოსავლურ საქრისტიანოში. (2025). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 14(14), 68-74. https://doi.org/10.32859/neg/14/68-74

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.